Loading data...
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში წლის განმავლობაში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სამინისტროების 2026 წლის პროგრამები დაამტკიცეს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის უწყებებში სხვადასხვა მიმართულებით წლის განმავლობაში 100-მდე ქვეპროგრამა ამოქმედდება, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უფრო მეტ სერვისს გახდის
ხელმისაწვდომს.

„ეს არის 100-მდე ქვეპროგრამა, რომლებიც ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით ამოქმედდება.

ჩვენი მიზანი იყო, რომ 2026 წელს ყველა მიმართულებით გვქონოდა ხელშესახები შედეგები და რაც შეიძლება მეტ დევნილს ესარგებლა იმ სიკეთეებით, რაც პროგრამულ ნაწილში სიახლეების სახით გავითვალისწინეთ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულობისა და იმ ინოვაციური ხედვისთვის, რომელიც დევნილი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება და მათ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.