Loading data...
გიგლა თამაზაშვილი: უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მასშტაბური პროექტების განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხს

გიგლა თამაზაშვილი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა კომპანიაში განხორციელებული რეფორმები და სატარიფო პოლიტიკის განახლების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, სატარიფო პოლიტიკა ბოლო 14 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა, რის გამოც მოქმედი ტარიფი ვეღარ პასუხობდა რეალურ ხარჯებსა და დარგში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.

„მელიორაცია სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. მასზე პირდაპირ არის დამოკიდებული როგორც მოსავლიანობა, ისე პროდუქციის ხარისხი. ბოლო წლებში ამ სფეროში ცვლილებების აუცილებლობა გამოიკვეთა და რეფორმის პროცესი სწორედ სატარიფო პოლიტიკის განახლებით დაიწყო.

რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით, ახალი ტარიფი განსაზღვრა, რაც წყლის ეფექტიან განაწილებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 85 მილიონი ლარი.

„უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მასშტაბური კაპიტალური პროექტების განხორციელება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.

გიგლა თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს მელიორაციის სისტემის ეფექტიანობის ზრდას, სერვისების გაუმჯობესებას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას.