Loading data...
გიგლა თამაზაშვილი: განსაკუთრებულად საყურადღებოა სარწყავი წყლის რაციონალურად გამოყენება, სწორედ ამ მიზნით გატარდა 2025 წელს რეფორმები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2025 წელს განხორციელებული პროექტები, სისტემური ცვლილებები და მიღწეული შედეგები შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წყლის რესურსის სიუხვით გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის რაციონალურად გამოყენებას. სწორედ ამ მიზნით გატარდა რეფორმები, რომლებიც 2025 წლის მაისში სტრუქტურის აღდგენა-გადაწყობით დაიწყო. ახალ სტრუქტურაში ერთ-ერთ მთავარ მიზნად განისაზღვრა კომერციული მიმართულების ჩამოყალიბება, რათა მელიორაციის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად მისაღები გამხდარიყო ფერმერებისთვის.

მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინსპექტირების სამსახურიც, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფი რეაგირების ჯგუფის ეფექტიან მუშაობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სამსახური მხოლოდ საირიგაციო წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების გამოვლენას კი არ უზრუნველყოფს, როგორც ადრე, არამედ მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს და საჭირო ინფორმაცია მიიღოს მისგან“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წელი წარმატებული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ გაიზარდა შემოსავლების ამოღების მაჩვენებელი, დაკონტრაქტდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების რეკორდულად დიდი ფართობები, რომელთა რიცხვი 74 000 ჰა-ს ასცდა.

„ფერმერებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. ამ პროცესში, კომპანიასთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულები დონორი ორგანიზაციები, ვისთან ერთადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ კომპანიის რებრენდინგზე, რამაც ცნობადობისა და ნდობის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.