Loading data...
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „ff.k Public Relations“ წარუძღვება

გერმანულ მარკეტინგულ კამპანიასთან „ff.k Public Relations“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. დაგეგმილი ღონისძიებების მიზანი გერმანიის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდაა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე; განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში; გარდა ამისა, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა 15-17 მარტს, გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე „ProWein Dusseldorf” გაიმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და, ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული და მხარდაჭერილი აქტივობების, ასევე, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.