გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს საზღვაო სივრცეში რაპანის პოპულაციის მასშტაბური კვლევა განახორციელა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობის და პროექტის „მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება საქართველოს შავი ზღვის თევზჭერის სექტორში“ ფარგლებში, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში რაპანის პოპულაციის მასშტაბური კვლევა განახორციელა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროექტის მიზანია შავი ზღვის ცოცხალი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობა და სამეცნიერო მონაცემების გაუმჯობესება.
ნიმუშების აღება წინასწარ შერჩეულ 23 საზღვაო სადგურზე სპეციალური თევზსაჭერი გემის და სტანდარტული კვლევითი ბადის გამოყენებით მოხდა, რომელიც სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) გადასცა.
კვლევის ფარგლებში, შეგროვებული ნიმუშების ნაწილი გამოყენებული იქნება ლაბორატორიული ანალიზებისთვის, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, შეაფასონ პოპულაციის სტრუქტურა, ბიოლოგიური პარამეტრები და ეკოლოგიური მდგომარეობა. დანარჩენი ინდივიდები დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში.
აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ბიოლოგიური რესურსების მდგომარეობის შეფასებისა და მათი მდგრადი მართვისთვის. კვლევის საფუძველზე შეგროვდება ინფორმაცია შავი ზღვის რაპანის პოპულაციის მარაგების, მათი გავრცელების, რიცხოვნობის, ზომა-ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ.
რაპანას კვლევები ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობის ნაწილს წარმოადგენს.