გარემოს ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ფუნქციონირებს. აღნიშნული სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, სააგენტოს უფროსის მოადგილემ არჩილ ადამიამ გახსნა.
კომისიის მიზანია დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებლად სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრა.
აღნიშნული პროცედურა ხორციელდება კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს ზიანის მიმყენებელი კომპანიების მიერ შერჩეულ სანაცვლო ტერიტორიებზე შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას.
შეხვედრის ფარგლებში, კომისიის წევრებმა დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არსებულ მიწასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსებისთვის, ასევე, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზედაპირული წყლის ობიექტებისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების ალტერნატივები განიხილეს.
განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არსებულ 57.2 ჰა მიწაზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის სანაცვლოდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მდებარე ტყის ფონდის საზღვრებში 67.8 ჰა-ზე ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და ზედაპირული წყლის ობიექტებთან დაკავშირებით გამოიკვეთა საკითხების დამატებითი შესწავლის საჭიროება.
კომისია გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებისაგან შედგება.