გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში 50 და მეტი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლები უწყების მედლებით დაჯილდოვდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დავით სონღულაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელიბისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პირადად გადასცა ჯილდოები იმ თანამშრომლებს, რომელთა პროფესიული საქმიანობა ათწლეულებს მოიცავს.
„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გადაგვეხადა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებმაც სახელმწიფოს სამსახურში 50 წელი და მეტი იმსახურეს. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან თანამედროვე საქართველოს ისტორიას, უზრუნველყოფენ დარგისა და ქვეყნის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის საქმის სიყვარულისა და პატრიოტიზმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული ღვაწლისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ დაჯილდოებულ თანამშრომელთა საქმიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში, რაც ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები სწორედ ის პროფესიონალები არიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია მათი მრავალწლიანი ღვაწლი. მნიშვნელოვანია, მომავალშიც შევუწყოთ ხელი მათ საქმიანობას, რათა მაღალი პროფესიონალიზმით განაგრძონ საქართველოს სამსახური“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილეები - ლაშა ავალიანი, სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, გიორგი წკრიალაშვილი, ასევე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.