Loading data...
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ქართველი ემიგრანტები ესპანეთიდან ეხმიანებიან

4 ივლისს ქართულ ოპოზიციურად განწყობილ მედიაში განცხადება გავრცელდა, სადაც იწერებოდა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა, თითქოსდა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს „ქართული ოცნების“ დასანქცირების მოთხოვნით მიმართეს. 

განცხადების გავრცელებიდან, მალევე, სოციალური ქსელი ქართული დიასპორის საპასუხო წერილებით აჭრელდა. ქართველი ემიგრანტები კატეგორიულად უარყოფენ მსგავს ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ და ემიჯნებიან მოთხოვნებს, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცალკეული ზომების გატარების შესახებ.

მთელი დღის განმავლობაში არაერთი წერილი გამოქვეყნდა, მათ შორის იყო ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. 

„განცხადება ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ორგანიზაციისგან!

ჩვენ, ესპანეთში მცხოვრები ქართველები და ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი და აქტიურად მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია - „Asociación de la Republica de Georgia e Inmigrantes“, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია ნაყოფიერად ფუნქციონირებს, თავს ვალდებულად ვთვლით, გავაკეთოთ განმარტება:

ვემიჯნებით განცხადებას, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა, გარკვეული ჯგუფის მიერ - თითქოსდა, ემიგრაცია „ემიჯნება საქართველოს სახელმწიფოს“ და „ევროკავშირს სთხოვს სანქციების დაწესებას ჩვენი ქვეყნისთვის“.

მსგავსი გზავნილები კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მიმართვის არც შინაარსს და არც ტონს. ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, ემიგრაციის სახელით გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც დიასპორის საერთო აზრს არ გამოხატავს.

ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ბარსელონას გენერალურ საკონსულოსთან. კონტაქტი თითქმის ყოველდღიურია. ჭირშიც და ლხინშიც მათ გვერდით ვიდგებით, რადგან ვიცით, რომ საკონსულო ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობაა უცხოეთში და მისი თანამშრომლები პირველები გვიდგანან გვერდში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა კონსტრუქციული დიალოგი და ერთმანეთის მხარდაჭერა. არ ვეთანხმებით ცალკეული ჯგუფების ქმედებებს, რომლებიც საერთო დიასპორულ ინტერესებს არღვევს და საკუთარ პოზიციას ქართველი ემიგრანტების სახელით აფიქსირებს - ამის უფლება არავის აქვს. ჩვენ ვირჩევთ საპასუხისმგებლო გზას - ერთად ყოფნას, თანამშრომლობას და მშვიდობიან, სანდო ურთიერთობების შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანასთან და მის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც მალევე, ქართველი ემიგრანტებისგან გამოხმაურება მოჰყვა და მათ არაერთი კომენტარი დატოვეს. 

„როდემდე უნდა ილაპარაკონ ჩვენი - „ყველას“ სახელით.... ვისაც რისი („ტრ--ი“ ...) გვაქვს, იმას ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის... ნუ აშანტაჟებთ ხალხს... დავიღალეთ, ამდენი ზიზღის და სიძულვილის ენით ლაპარაკით... ნუ გგონიათ, რახან შორს ვართ ჩვენი ქვეყნისგან, არაფერი ვიცით ან ვერაფერს ვხვდებით... სიმართლე ერთია... კაცი კაცია... ქალი ქალია... ოჯახი ძვირფასი და საყვარელია... მეგობარი ერთგული და მნიშვნელოვანია... სიყვარული ძლიერი და მარადიულია... და რაც მთავარია, უფალი ერთია ქვეყანაზე!.. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ვერავინ მოერევა ვერასოდეს!.. გვიყვარდეს ქართველებო... და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!..“, - წერს Facebook მომხმარებელი. 

წერილზე საპასუხოდ ტოვებს კომენტარს ერთ-ერთი ემიგრანტიც, რომელიც როგორც ჩანს, ასევე, ესპანეთში მცხოვრებია.  

„როგორც დიასპორის წევრი (GeoArt Valencia) ვთვლი, რომ ემიგრაციის სახელით საუბარს სჭირდება პასუხისმგებლობა და სიფრთხილე. მიუღებელია ქმედებები, რომლებიც არ გამოხატავს მთლიანი დიასპორის შეხედულებებს და აზრებს.

დიალოგი, ერთიანობა და თანამშრომლობა - ეს უნდა იყოს ჩვენი ძალა. მადლობა ბარსელონას გენერალურ საკონსულოს, რომელიც მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს ქართული კულტურის გაცნობასა და შენარჩუნებას ესპანეთის მიწაზე!“, - წერს მომხმარებელი.

განცხადებას ემიჯნება კიდევ ერთი, ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტი და წერს, რომ არავის აქვს უფლება, ყველა ემიგრანტის სახელით ისაუბროს.

„ესპანეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები საჯაროდ ვაცხადებთ: არავის არ აქვს უფლება ყველა ემიგრანტის სახელით ილაპარაკოს და აზრი დააფიქსიროს! ქართული ემიგრაცია მრავალფეროვანია და მოიცავს ათასობით ადამიანს, რომლებსაც საკუთარი აზრი და პოზიცია აქვს - ყველას უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ არავის არ აქვს უფლება ყველა ჩვენგანის სახელით ილაპარაკოს“. 

საკუთარ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები, სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი და აღნიშნავს, რომ ყველა ემიგრანტს, ვინც მისტირის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქვეყნის გამყიდველებს, ფულზე დახამებულებს, ზელენსკიზე მლოცველებს, შეუძლია იომოს და ეომოს რუსეთს უკრაინაში!!!

ჩვენ, მშვიდობის მსურველებს გვაცალეთ მშვიდობა!!! რაც შეეხება ვინმე სალომეს: „ტაშ-ფანდური“ …ქართული ეროვნული ცეკვა რომ ჰგონია, ფსკერი ხარ ვიღაც სალომე, შენ საქართველოში არ უნდა ცხოვრობდე, კარგია, რომ არ ცხოვრობ, შენისთანა ქართველები არიან ზუსტად უსამშობლოები!!!“, - წერს ქართული დიასპორის წევრი.