Loading data...
ეროვნული ნაკრები საქართველოში დაბრუნდა - გულშემატკივრების საზეიმო დახვედრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში დაბრუნდნენ გერმანიიდან, სადაც ევროპის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. 

ქართველ ფეხბურთელებს მოქალაქეები დროშებით, აპლოდისმენტებით, სიმღერითა და შეძახილებით - „მადლობა“ - დახვდნენ. 

ცნობისთვის, დღეს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან ანგარიშით 4:1 დამარცხდა. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელებმა პორტუგალიის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვებით შეძლეს ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გადასვლა.

ცნობისთვის, ეს საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.