ეპისკოპოსი საბა ინწკირველი: ვუსამძიმრებ ქართველ ერს, პატრიარქის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
„სამშობლოდან შორს მყოფმა ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ეს არის დიდი დანაკლისი არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის.
მისი უწმინდესობა მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო ჩვენი სულიერი მამა, მოძღვარი და მაგალითი. ურთულეს ისტორიულ პერიოდში მან ღირსეულად იტვირთა ეკლესიის საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარი და სიბრძნით, სიმშვიდითა და სიყვარულით გაუძღვა საქართველოს ეკლესიას.
მისი მსახურება იყო სავსე ქრისტიანული თავმდაბლობით, ლოცვითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით. პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი განუზომელია: მისი ლოცვითა და ძალისხმევით განმტკიცდა ეკლესიის ერთობა, აღდგა მრავალი ტაძარი და მონასტერი, გაძლიერდა სულიერი ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოში არამედ ემიგრაციაში, მრავალმა ადამიანმა კვლავ იპოვა გზა ეკლესიისკენ.
იგი დარჩება ქართველთა მეხსიერებაში როგორც მამობრივი სიყვარულით აღსავსე პატრიარქი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთსა და ერს. ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ ჩვენს თაობას მიეცა შესაძლებლობა ეცხოვრა და ემსახურა ასეთ დიდ სულიერ მამასთან ერთად.
ვუსამძიმრებ საქართველოს ეკლესიას, სამღვდელოებასა და მთელ ქართველ ერს ამ დიდ მწუხარებას. უფალმა დაამკვიდროს მისი ნეტარი სული ცათა სასუფეველში და მარადიული ხსენება დაუმკვიდროს მას. თქვენო უწმინდესობავ შევთხოვ უფალს თავის მარადიულ სასუფეველში დაგამკვიდროთ! ერთგულებით და სიყვარულით + ეპ.საბა“, - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.