Loading data...
ენერგოაუდიტის ჩატარების წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულებების ამოქმედების საკითხებთან დაკავშირებით ბიზნეს - კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.

მისი მიზანი იყო ბიზნეს სექტორის დეტალური ინფორმირება იმ სამართლებრივი და პრაქტიკული მოთხოვნების თაობაზე, რომლებსაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა „ენერგოაუდიტის ჩატარების წესზე“ და მისი ამოქმედების შედეგად პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის წარმოქმნილ ვალდებულებებზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით 2025 წლის 31 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.

ასევე ხაზი გაესვა ენერგოაუდიტის მნიშვნელობას ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების, ხარჯების შემცირებისა და ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტისა და აკრედიტაციის ერთიანი ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის, აგრეთვე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა.