დღეს დიდი შაბათია
დღეს დიდ შაბათია. ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი სრულდება. გარდამოხსნის შემოტარების შემდეგ ლიტურგია გაიმართება და მორწმუნეებს წმინდა ზიარების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
დღესვე მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე დაახლოებით 14:00 საათზე შევა და საფლავი დაიხურება. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს იკრიბებიან. მორწმუნეები სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც სიმბოლურად ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხრებზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.