დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო
დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო.
ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება. კვირის განმავლობაში მორწმუნეები შეძლებისამებრ მკაცრად მარხულობენ. ტაძრებში განსაკუთრებული მსახურება სრულდება.
ვნების შვიდეულის სამშაბათს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაული აღინიშნება.
ამასთან, დიდი ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.
შვიდეულის ხუთშაბათს, „დიდ ხუთშაბათს“, ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ასევე სრულდება ფეხთბანის რიტუალი.
დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა. დღის ორ საათზე ეკლესიაში „გარდამოხსნის გადმოსვენება“ - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი სრულდება. ხდება დატირება და სპეციალური საგალობლები სრულდება.
ვნების შვიდეულის შაბათს, „დიდ შაბათს“, კი დილით ადრე ეკლესიის გარშემო გარდამოხსნის შემოტარება სრულდება, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი უფლის წმიდა სხეულის ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში გადმოსვენებას აღნიშნავს. სრულდება წირვა, შემდეგ კი მორწმუნეები იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადებიან. მორწმუნეები დიდი შაბათსაც მკაცრ მარხვას იცავენ.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.