Loading data...
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა როგორც ძალიან სახიფათოდ

დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი, ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?

მისი თქმით, 38 ეპისკოპოსიდან 35-მა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი იმას, რომ დებულებაში ცვლილებები არ შესულიყო.

„უპირველესყოვლისა, მე მინდა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მეუფე ესაიას მიმართ. მან მართლაც საგმირო ღვაწლი გასწია იმ ურთულეს პერიოდში და თავად მისი პიროვნებაც დიდ პატივისცემას იმსახურებს. მართალია, რომ მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეუცვლელი რამ გააკეთა. თუმცა, ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა - დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა.

მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომც ცალკეული მუხლების შესახებ სინოდს შეუძლია იმსჯელოს, თუმცა, როდესაც პატრიარქი არ არის გამორჩეული, უპირველესი მიზანი სინოდის სხდომების არის პატრიარქის გამორჩევა.

როდესაც ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სტრუქტურა, ხელის ხლება დებულებაზე და რაღაც ცვლილებების შეტანა, ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა როგორც ძალიან სახიფათოდ, რადგან ერთი საკითხის ინტერპრეტირება მეორე საკითხის ინტერპრეტირებას იწვევს და ამას შეიძლებოდა გამოეწვია საერთოდ ამ დებულების ცვლილება, რაც იქნებოდა მომავლისთვის სალაპარაკო, რომ დებულება შეცვალა სინოდმა იმ დროს, როდესაც მას ამისი უფლება არ ჰქონდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე მეორე სინოდი ეწყობა, სადაც ამ საკითხებზე პოლემიკა მიმდინარეობა. დიდი დრო დაიხარჯა, დიდი ენერგია, ემოციებიც და 38 ეპისკოპოსიდან 35-მა ეპისკოპოსმა დაუჭირა მხარი იმას, რომ დებულებაში ინტერპრეტაციები და ცვლილებები არ შესულიყო“, - განაცხადა დეკანოზმა.