დავით სონღულაშვილი: წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ ყურძნის ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე
„რთველის სუბსიდიიდან სახელმწიფო გამოსულია. დღეს სახელმწიფო არის ჭარბი მოსავლის შეძენის გარანტი, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ მევენახეს არ ექნება პრობლემა თავისი მთელი წლის ნაშრომის რეალიზების და ჩაბარების. შარშან რთველის დროს სატესტოდ იყო ყურძნის ფასის ხარისხობრივი დაყოფა. წელს უკვე გაცხადებულად ვთქვით, რომ იქნება გრადაცია და ფასი იქნება ხარისხიდან გამომდინარე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკას, რომ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო განსაზღვრავს შესასყიდ ფასებს შაქრიანობის მიხედვით.
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ღვინის მოხმარება განსაკუთრებით შემცირდა ბოლო 10 წელიწადში.