დავით სონღულაშვილი: დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მინისტრი საბადურისა და ზედაზნის ტერიტორიებზე პარკის ინფრასტრუქტურის მდგომარეობას და ვიზიტორებისთვის არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო.
„თბილისის ეროვნული პარკის ახალი ინფრასტრუქტურა ვიზიტორებისთვის უფრო მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოს შექმნის. დაცული ტერიტორიების განვითარება ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცული ტერიტორიების ქსელშია მოქცეული, რომლის გაფართოებასთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მის მართვასა და შესაბამის რესურსებს, რათა საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობა იყოს სათანადოდ დაცული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
თბილისის ეროვნული პარკი მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილს მოიცავს.
თბილისის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი; მოეწყო 30-ზე მეტი ფანჩატური, გარე ბუხარი და ძელსკამები, ასევე 55 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელი შესაბამისი თანამდევი ინფრასტრუქტურით.
ვიზიტორებისთვის ასევე მოეწყო ბავშვთა გასართობი, შემეცნებითი და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეები, ამფითეატრი და შშმ პირებზე ადაპტირებული სველი წერტილები. პროექტის ფარგლებში მოეწყო დაახლოებით 200 ავტომობილზე გათვლილი საავტომობილო და ველოპარკინგი. პროექტის ბიუჯეტმა 7,2 მლნ ლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.