Loading data...
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე რეგიონში მოქმედი ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის, ახალი რეგიონული ობიექტის მოწყობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

„ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემის შექმნა ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების ეტაპობრივ რეაბილიტაციას და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტების მოწყობას. კახეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ როგორც არსებული ნაგავსაყრელების რეაბილიტაციის, ისე ახალი რეგიონული ობიექტების მოწყობის საკითხები. ჩვენი მიზანია, პროცესი კოორდინირებულად წარიმართოს და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კახეთის რეგიონში მოქმედი ხუთი ნაგავსაყრელიდან ოთხის - დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოსა და ლაგოდეხის ნაგავსაყრელების რეაბილიტაცია იგეგმება.

საგარეჯოსა და თელავის ნაგავსაყრელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, ხოლო დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის ობიექტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.

მინისტრმა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების ახალი რეგიონული ობიექტის მოწყობის საკითხი.

ტერიტორია უკვე შერჩეულია და ამ ეტაპზე მას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ტექნიკური სამსახური სწავლობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და გიორგი წკრიალაშვილი და საქართველოს მყარი ნარჩენები მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე ესწრებოდნენ.