Loading data...
დავით სონღულაშვილი: აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება

დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აგროთანადაფინანსების პროგრამის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რა ტიპის ცვლილებით არის წარმოდგენილი ახალი ხედვა.

„აქამდე პროგრამები იყო ფრაგმენტული, ახლა ხდება ამ პროგრამების გამთლიანება და გაერთიანება. მაგალითისთვის გეტყვით, როდესაც ფერმერს უნდოდა, გაეშენებინა ხეხილის ბაღი, ამისთვის ცალკე აკეთებდა განაცხადს პროექტში „დანერგე მომავალი“, ცალკე წვეთოვან სისტემასთან მიმართებით, ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან დაკავშირებით და ა. შ. ცალ-ცალკე უწევდა ერთი მთლიანი პროექტის შემადგენელ
სხვადასხვა კომპონენტთან მიმართებით დაფინანსების მოპოვება. ახლა პროექტი შეიკრა. ფერმერს შეუძლია ერთიანი პროექტის ფარგლებში შეიტანოს განაცხადი, რომელ კომპონენტში რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ყურადღება ფერმერთა რეესტრზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეესტრი მიმდინარე რეფორმის ნაწილია.

„რეესტრი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ფერმერთა იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თითოეული ფერმერის საჭიროებებიდან გამომდინარე გავაკეთოთ ანალიზი და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.