Loading data...
დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს

დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.

ფორუმი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგიის მომსახურების ხარისხის, მიწოდების უწყვეტობისა და რეგულირების, ენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციებისა და საინვესტიციო პროექტების შესრულების მონიტორინგის საკითხებზე. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე, რომლებსაც სემეკი უახლოეს პერიოდში განახორციელებს.

სემეკი სისტემატურად ახორციელებს კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს. სემეკში ინერგება და უკვე სატესტო რეჟიმშია ინვესტიციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, სადაც მოხდება ინვესტიციების, როგორც ინიცირების , ისე მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ ინფორმაციებისა და შესაბამისი დოკუმენტური მასალის ასახვა, რაც კომისიას მისცემს შესაძლებლობას სწრაფად მოახდინოს დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე. დისკუსიას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

ფორუმს ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.