დავით ქართველიშვილი: არარეალური შიშების გაჩენას მოსახლეობაში სპეცსამსახურების ენაზე ჰქვია „შიშებით გამყიდველები“, როგორ შეიძლება დღევანდელ ქართველში გააღვივო შიშები არ არსებულ თემებზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალების მიერ სხვადასხვა საკითხზე დეზინფორმაციის გავრცელებას და მათ მიერ მოსახლეობაში არ არსებულ თემებზე შიშების გაღვივებას მედიასთან ეხმიანება.
„ღმერთის მიმართ უნდობლობის გაღვივება მიმდინარეობს ადამიანებში. იმის დაკნინება, რომ ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, რომელიც არ დაუშვებს იმ შიზოფრენიულ, პარანოიდალურ სცენარებს, რომლითაც კვებავენ საკუთარ მრევლს რადიკალები“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა და აღნიშნა, რომ არ არსებულ საკითხებზე საზოგადოებაში შიშების გაღვივება მიღებული პრაქტიკაა დასავლეთისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებში.
მისი განმარტებით, ადამიანებში ღმერთმოძულეობის გაღვივება მიმდინარეობს და ამას მართლმადიდებლური და პატრიოტული ლოზუნგებით აკეთებენ.
„არარეალური შიშების გაჩენას მოსახლეობაში სპეცსამსახურების ენაზე ჰქვია “შიშებით გამყიდველები“ - ეს არის დასავლეთში და დიდ ბრიტანეთში აპრობირებული მეთოდი. არ არის შემთხვევითი (ამაზე არაერთი პუბლიკაცია დავწერე), რომ დღეს MI6-ის სათავეში (ბრიტანეთის სპეცსამსახურების სათავეში) დგას უჭკვიანესი ქალი, ანთროპოლოგიის პროფესორი და დოქტორი, რომელსაც ადამიანების მენტალური სისუსტეები აქვს შესწავლილი. სპეცსამსახურების მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ სისუსტეებზე ბინძური თამაშებით.
ვერც ერთი ადამიანი, ვისაც საქართველო უყვარს და იცის ქართველების ხასიათი, ვერ იტყვის, რომ შიში იყო ქართველი ადამიანის მამოძრავებელი ძალა.
დიდგორის, კრწანისის, მეორე სამამულო ომის ქართველის შთამომავალი, რომელმაც 300 ათასი რჩეული ქართველი შესწირა გლობალური, ევროპული და გერმანული ფაშიზმის დამარცხებას. როგორ შეიძლება გააღვივო დღევანდელ ქართველში შიშები არ არსებულ თემებზე?! იმ შავ კატაზე, რომელიც არ არსებობს ბნელ ოთახში და 24 საათი მისი ძიებით არიან დაკავებულები.
სად არის იმ ე.წ ექსპერტების, ე.წ მრევლის ქართველობა, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა? იმედი უფლისა, რომელსაც არასდროს მიუტოვებია თავისი ქვეყანა.
წარმოიდგინე, გლობალურად რა ხდება - ღმერთის მიმართ უნდობლობის გაღვივება მიმდინარეობს ადამიანებში. იმის დაკნინება, რომ ღვთისმშობელი არის ჩვენი დედა, რომელიც არ დაუშვებს იმ შიზოფრენიულ, პარანოიდალურ სცენარებს, რომლითაც კვებავენ საკუთარ მრევლს რადიკალები. მიდის ღმერთმოძულეობის გაღვივება, ღმერთთან ბრძოლა - ადამიანის სულიდან უნდათ უკანასკნელი იმედის განდევნა; უფლის იმედის გადევნა, რაც იყო საქართველოს მასაზრდოებელი ძალა 35 საუკუნის განმავლობაში. რა მზაკვრობა აქვთ ჩადენილი და ამას აკეთებდნენ პატრიოტული და მართლმადიდებლური ლოზუნგებით“,- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.