ჩეხი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის მიმართულებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა
საქართველოში საერთაშორისო პროექტის „მცენარეთა ჯანმრთელობის პოტენციალის გადახედვა ევროკავშირის მცენარეთა ჯანმრთელობის რეგულაციის განსახორციელებლად საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით და ჩეხეთის ეროვნული ფიტოსანიტარული ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით განხორციელდა.
შეხვედრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროში არსებული შესაძლებლობების შეფასება და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება, მათ შორის ფიტოსანიტარული კონტროლისა და სერტიფიცირების მიმართულებით.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ მცენარეთა ჯანმრთელობის ეფექტიანი სისტემა უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობასა და ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს.
„მცენარეთა ჯანმრთელობის სისტემა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, სერტიფიცირების პროცესების მართვის და აგროსექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსგავსი საერთაშორისო პროექტები ხელს უწყობს ჩვენი შესაძლებლობების შეფასებასა და გაძლიერებას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს.
სტუმრები ეწვივნენ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტს და ვირუსოლოგიის ლაბორატორიას, სადაც მცენარეთა ვირუსული, ფიტოპლაზმური და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, ასევე მიმდინარე კვლევებს და მიღებულ შედეგებს გაეცნენ.
„ჩემთვის დიდი პატივია ვხელმძღვანელობდე პროექტს, რომელიც საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროს შესაძლებლობების შეფასებასა და განვითარებას ემსახურება. სასიამოვნოა მუშაობა პროფესიონალ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან, რომელიც გამოირჩევა გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობით. დარწმუნებული ვარ, პროექტის შედეგები ქვეყნისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სათესლე და სარგავი მასალისა და მცენარეთა ჯანმრთელობის სამსახურის უფროსმა მიხალ ჰნიზილდმა.