Loading data...
ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, - წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.