ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება
ვარკეთილში თბილისის განვითარების ფონდის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შუამთის ქ. N40ა-ში იწყება, საცხოვრებელი ფართებით კი ელდარის ქ. N12-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი დაკმაყოფილდება.
„აღნიშნულ მისამართზე თანამედროვე, 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ახალ კორპუსში ფართები გადაეცემა ელდარის ქ. N12-ში, ყოფილი 109-ე სკოლის შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. ამ ეტაპზე, ტერიტორია შემოსაზღვრულია და დაწყებულია წინამოსამზადებელი სამუშაოები. უშუალოდ მშენებლობის პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის ფარგლებში აშენდება 7 630 კვ.მ ფართობის შენობა, სადაც განთავსდება: ორი კომერციული ფართი, 22 ავტოსადგომი და 129 ბინა, საიდანაც 55 ოჯახს სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ბინები გადაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას ჩანაცვლების პროგრამაში აქტიურად ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.