Loading data...
„ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით“ - ლაზარე გრიგორიადისი საპატიმროს დატოვების შემდეგ

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. შოკში ვიყავი, ერთადერთი, რაც გავიგე - „მე ის შევიწყალეო“. მაგის მერე არ მახსოვს არაფერი. ძალიან ემოციური იყო“, - ამბობს გრიგორიადისი.

კითხვაზე, უნანია თუ არა მარტის აქციებში მონაწილეობა, გრიგორიადისმა უპასუხა - „არა“.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მეორე მოსმენით მოსმენის პარალელურად დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდება.

„ბრძოლა გრძელდება და აქციებზე შევხვდებით. დღეს მივალ აქციაზე“, - ამბობს გრიგორიადისი. 

როგორც ლაზარე გრიგორიადისი აღნიშნავს, „ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ნორმალური მოპყრობა იყო“. 

მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო.

„მე მგონია, რომ მოსამართლემ პოლიტიზებული გადაწყვეტილება მიიღო. რის გამო დავისაჯე ვერ გეტყვით“, - ამბობს გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-იდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.