Loading data...
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა

2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა. მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდნენ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამავე დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 წლის მსჯავრდებულის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლე ზვიად შარაძის დასაბუთება გრიგორიადისის ადვოკატებმა ორბელიანის სასახლეში 24 აპრილს მიიტანეს, რის შემდეგაც, ზურაბიშვილმა ოფიციალურად მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. 

ლაზარე გრიგორიადისს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც 7-იდან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.