Loading data...
ბოლნისში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგური დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ავრცელებს. 

„ბოლნისის გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, უკვე დასრულებულია. ობიექტი ოპერირებას წლის ბოლოს შეუდგება. ახალი გადამტვირთავი სადგურის მომსახურებით, მუნიციპალიტეტებისთვის დაიზოგება ტრანსპორტირების ხარჯები. გამართული ინფრასტრუქტურა პირდაპირ კავშირშია გარემოს უსაფრთხოებასთან და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.

მათივე ცნობით, პროექტის ბიუჯეტმა 1 820 300 ლარი შეადგინა.

გადამტვირთავი სადგური ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება. აღნიშნული მუნიციპალიტეტების ნარჩენები მარნეულის არსებულ ნაგავსაყრელზე იტვირთება.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახალი, რეგიონული უხიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ობიექტის გახსნისთანავე, მარნეულის არსებული ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით, დაიხურება.