ბიძინა ივანიშვილი: ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას - დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას
„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას - დღეს, მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ის დიდი ტკივილი და სიყვარული, რომელიც თითოეულ ქართველს დაეუფლა, ახსნას არ საჭიროებს, ვინაიდან, ყველასთვის საერთოა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამშვიდობება უწმინდესთან არ ჰგავს ჩვეულებრივ განშორებას, ვინაიდან, ის არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია.
„დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. დღეს ყველა, დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა.
სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს - არნახულად ღრმა, მძაფრი და მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არა მხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას და დიდი სიყვარულის ისტორიას.
ამბობენ, ადამიანი ორჯერ იბადება, პირველად ფიზიკურად, ხოლო მეორედ მაშინ, როცა ცხოვრების მიზანს შეიცნობს. თავად განსაჯეთ რამდენად დიდი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი მეორედ დაბადება მხოლოდ პირად საზღვრებში კი არ მოექცეს, არამედ ქვეყნის ბედისწერას შეერწყას და ერისა და ბერის სულიერ გზას, მის მომავალს დაუკავშირდეს.
ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე რთულ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა, უფლის განგებით, თავად ერმა წარმოშვა ადამიანები, რომლებიც კვერთხად ექმნენ მამულს დარღვეულს.“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარიწიაღიდან შვა როგორც ილია ჭავჭავაძე, ისე ილია მეორე.
„თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია ჭავჭავაძე, ქართველი ერის მამა, რომელმაც მომაკვდავი ერი გააცოცხლა?! თუ არა უფლის ნება, სხვაგვარად როგორ აიხსნება, რომ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელმაც საკუთარი წიაღიდან შვა ილია მეორე, საქართველოს სულიერი მამა, რომელმაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღადგინა და ქართველი ხალხის სულიერი ერთობის სიმბოლოდ იქცა?!
ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ადამიანები, რომელთა სიდიადე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის თავგანწირვით განისაზღვრება, მათი მემკვიდრეობა კი უკვდავია, რადგან დიდი ადამიანები არსად მიდიან, ისინი ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში ცოცხლობენ და იცოცხლებენ მარად, მანამ, სანამ მათი იდეალების ერთგულნი ვრჩებით.
უწმინდესისა და უნეტარესის პატრიარქობის წლებში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია იქცა სივრცედ, სადაც ადამიანებმა კვლავ იპოვეს ღმერთი, დაიბრუნეს რწმენა, სიმშვიდე და ერთობის განცდა. კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად - მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!“ - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, უწმინდესი და უნეტარესი, ნახევარი საუკუნის მანძილზე მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ნაყოფი კი ქართული საზოგადოების საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.
„უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრება არ ყოფილა მხოლოდ პირადი სულიერი არჩევანი, არამედ მისია, რომელმაც არაერთი თაობის სულიერი ორიენტირი განსაზღვრა, გზა, რომელიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთელ ერს აერთიანებდა, მისი საქმისა და მსახურების ძვირფასი ნაყოფი კი ჩვენს საერთო და მტკიცე საძირკვლად იქცა.
ერის ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც საზოგადოებას, ხალხს, დიდი განსაცდელი, ან დიდი სიხარული აერთიანებს.
დღეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ასეთი მომენტი დგას - მილიონობით ქართველი მდუმარედ ვხვდებით დიდ განსაცდელს და სწორედ ამ გამაყრუებელ მდუმარებაში, რომელიც ახლა ყველაზე ხმამაღლა ისმის, ამ ქვეყნის თითოეული შვილი მთელი სისავსით გრძნობს, თუ რამდენად დიდია დანაკლისი, რომელსაც ტოვებთ... ამ სიჩუმეში ვემშვიდობებით ეპოქას, რომელსაც თქვენი სახელი ერქვა.
დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია II-ის სულიერ შვილებად, შვილებად - მოძღვრისა, რომელმაც როგორც მთელი სიცოცხლე, გარდაცვალებაც საკუთარი სამწყსოს - ქართველი ხალხის ერთ მუშტად შეკვრასა და გაერთიანებას მიუძღვნა.
უწმინდესო და უნეტარესო - დიდი მადლობა სიკეთის, სიბრძნისა და სიყვარულისთვის...
ახლაც, როგორც მაშინ, „ეპოქა გათავდა დიდი...“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.