Loading data...
ბიძინა ივანიშვილი: ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას, დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას

ბიძინა ივანიშვილი

„ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად დგება მწუხარებისა და მღელვარების ისეთი წამი, როგორიც ახლა ჩემთვის დგას. დღეს მთელი ერის წინაშე ვემშვიდობები ჩვენს სულიერ მამას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ყველა ქართველის მსგავსად, გულით ვატარებ დიდ ტკივილსა და სიყვარულს, რომელიც ახსნას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. 

დღეს ყველა - დიდი თუ პატარა, დუმილითა თუ გამოთქმული სიტყვით ვცდილობთ პატივი მივაგოთ ადამიანს, რომელმაც თითოეული ჩვენგანის გულში წარუშლელი კვალი დატოვა. 

სრულიად საქართველო ემშვიდობება უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და ეს ჩვეულებრივ განშორებას არ ჰგავს.  მტკივნეულია, რადგან ეს განშორება საკუთარ თავში იტევს არამხოლოდ გრძნობებსა და განცდებს, არამედ ეპოქას“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.