Loading data...
ბავშვის სავარაუდოდ წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ბავშვის სავარაუდოდ წყლით ინტოქსიკაციის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გასაჯაროვდება.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება ბავშვის სავარაუდოდ წყლით – „ბაკურიანი ციდა“, ინტოქსიკაციის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე „ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი“ განცხადება გაავრცელა.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას“, - ნათქვამია „IDS ბორჯომის“ განცხადებაში.