ატმისა და ვაშლატამას მწარმოებლებსა და ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ატმისა და ვაშლატამას მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ, სადაც მიმდინარე საექსპორტო სეზონი შეაჯამეს და სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექსპორტო ბაზრებზე მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდების აუცილებლობას და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასევე, იმსჯელეს მოსავლიანობის ზრდის, დაბალპროდუქტიული ჯიშების ჩანაცვლების, მოძველებული ბაღების განახლებისა და მაღალი ხარისხის ნერგებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე.
„ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სხვადასხვა მონაცემით, საერთაშორისო ბაზრებზე გასატანი დაახლოებით 1000 ტონაზე ოდნავ მეტი პროდუქცია რჩება. მთლიანობაში, სეზონი წარმატებით მიმდინარეობდა. იყო გარკვეული შეფერხებები, თუმცა, საბოლოო შედეგებით, როგორც რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, ისე მიღებული ფასი დამაკმაყოფილებელია.
ამავე დროს, სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის მთავარი აქცენტი პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდაზე უნდა გაკეთდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები დაიგეგმოს, რაც ფერმერებს წარმოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
2026 წლის 1 მაისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 22.8 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რომლის ღირებულებამ 28.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი 1.23 აშშ დოლარი იყო. ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი - 21 468 ტონა, სომხეთი - 883 ტონა, უკრაინა - 259 ტონა და ბელარუსი - 178 ტონა.