აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მონტგომერის ოლქის მშობლების სარჩელი, რომლებიც რელიგიური მოტივით აპროტესტებდნენ, დაწყებით სკოლებში LGBTQ პერსონაჟების შემცველი წიგნების გამოყენებას

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა მონტგომერის ოლქის მშობლების სარჩელი, რომლებიც რელიგიური მოტივით აპროტესტებდნენ დაწყებით სკოლებში LGBTQ პერსონაჟების შემცველი წიგნების გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მშობლები, რომლებმაც სარჩელი შეიტანეს, ამტკიცებდნენ, რომ მათ სურდათ, შეძლებოდათ შვილების გაყვანა გაკვეთილებიდან, სადაც ეს წიგნები გამოიყენებოდა.
მოსამართლეებმა 6-3 ხმით მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც სამი ლიბერალი მოსამართლე განსხვავებულ აზრზე დარჩა. უმრავლესობის მოსაზრება მოსამართლე სამუელ ალიტომ დაწერა.
„სასამართლო აკრძალვის გარეშე, მშობლებს კვლავ ექნებათ არაკონსტიტუციური ტვირთი მათი რელიგიური თავისუფლების განხორციელებაზე, და ასეთი ტვირთი უდავოდ გამოუსწორებელ ზიანს წარმოადგენს“, - ნათქვამია მოსაზრებაში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას მშობლების უფლებების დამცველთა გამარჯვება უწოდა.
„ვფიქრობ, ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა მშობლებისთვის. მათ დაკარგეს კონტროლი სკოლებზე. მათ დაკარგეს კონტროლი შვილებზე და ეს უდიდესი გამარჯვებაა მშობლებისთვის“, - განაცხადა მან.