აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და ე.წ. სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა - Ekho Kavkaza

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის მხრიდან აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტის მხარდაჭერას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. როგორც Ekho Kavkaza აქციის მონაწილეებზე დაყრდნობით იუწყება, ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც, მოსახლეობასა და „სამართალდამცველებს“ შორის შეტაკება მოხდა.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები კანონპროექტის განხილვისას ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და უშედეგოდ ითხოვდნენ, „დეპუტატები” ხალხთან გამოსულიყვნენ.
„არ დაუშვეს ის ხალხი, რომლებმაც გუშინ, დეპუტატებს მიმართეს, რომ მათი წარმომადგენლები შეეშვათ ალტერნატიული თვალსაზრისის დაფიქსირების მიზნით. დღეს, აფხაზი ხალხისგან იზოლირებულად ცდილობენ, მიიღონ კანონები, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოს განადგურებისკენ არის მიმართული“, - აცხადებს „პარლამენტის“ ყოფილი დეპუტატი ლეონიდ ჩამაგუა.
ამასთან, Ekho Kavkaza-ს ცნობით, ძებნა გამოცხადდა აფხაზ აქტივისტ ჯანსუღ ადლეიბაზე, რომელმაც, აფხაზური Telegram არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაზე დე-ფაქტო პარლამენტის მიმართ პროტესტი ჰაერში გასროლით გამოხატა. ხოლო როგორც ე.წ. სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, მან ძალოვანების მიმართულებით გაისროლა.