Loading data...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს.

მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბორის გაბუნია, ხოლო მოადგილის პოსტზე ელენე არდაზიშვილი დაინიშნა. მოადგილეები უწყების თანამშრომლებს მინისტრმა დღეს წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ბორის გაბუნიას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომიკის მიმართულებით. მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.

მინისტრის ახლადდანიშნულ პირველ მოადგილეს საჯარო სექტორში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ელენე არდაზიშვილი პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაშიც, ზაარლანდის უნივერსიტეტში. ელენეს სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.