Loading data...
აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო წარმოებაში მედიაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს

ახალგაზრდები გაეცნენ მედიაციის ინსტიტუტის არსს, სააღსრულებო წარმოებაში გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებსა და მის უპირატესობებს. ყურადღება გამახვილდა საქმეების მოლაპარაკებით დასრულებისა და მედიაციის, როგორც სწრაფი, ეფექტიანი და მხარეთა ინტერესებზე მორგებული მექანიზმის, მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მედიატორთა როლს დავების შეთანხმებით გადაწყვეტის პროცესში.

მათი ჩართულობით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოლაპარაკებით დასრულდა 100 000 საქმე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი მაჭავარიანი სტუდენტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციების, აღმასრულებლის პროფესიის მნიშვნელობისა და აღსრულების სისტემის თავისებურებების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციული რეჟიმით წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს და სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესს პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე გაეცნენ.

აღნიშნული ღონისძიება ბიუროს საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობების ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებში აღმასრულებლის პროფესიისა და მედიაციის ინსტიტუტის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

საინფორმაციო შეხვედრას იურიდიული დეპარტამენტის სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი ეკა ახალკაცი და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერი ბელა ღურჭუმელაძე უძღვებოდნენ.