Loading data...
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.

ამას, 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა, რის შემდეგაც, საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.

ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად დაიბრუნა. ხოლო 1991 წლის 9 აპრილს, ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

რა ღონისძიებები იმართება 26 მაისთან დაკავშირებით?

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც ტრადიციულად, ახალწვეულები ფიცს დადებენ. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა – ამბავი საქართველოზე. გალა კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება.