2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით, პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა იქნება
„დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისათვის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დოკუმენტი უკვე მზად არის და უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
„მზად არის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი — თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარედგინება საკრებულოს. აღნიშნული დოკუმენტი არის განვითარებაზე, სოციალურ დაცვასა და ურბანულ მდგრადობაზე ორიენტირებული, რომელიც პასუხობს როგორც ქალაქის დღევანდელ საჭიროებებს, ისე ქმნის საფუძველს მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის. თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს. ეს მაჩვენებელი 219 823 300 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით და 110 906 500 ლარით აღემატება პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს.
ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირად არის გადანაწილებული: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები, სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობიდან თანხების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის, სოციალური და ჯანდაცვის პროექტების განხორციელებისკენ იქნება მიმართული.
„ინფრასტრუქტურის მიმართულებით - 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 572 920 000 ლარი და იგი 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობის 26%-ს შეადგენს, ხოლო სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით - დაგეგმილია 601 712 500 ლარი, რაც 2025 წელთან შედარებით, 67 859 100 ლარით მეტია. სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები ბიუჯეტის 27 %-ს შეადგენს.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 168 000 000 ლარის დონორული დაფინანსება; 2026 წელს იწყება და გრძელდება ბევრი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მათ შორის: ტრამვაის ხაზის პროექტირება და მშენებლობა; სამგორი–ვაზისუბნის საბაგირო გზა; რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია; ახალი ხიდების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება; სპორტული კომპლექსებისა და რეკრეაციული სივრცეების განვითარება; სკვერებისა და პარკების მოწყობა და რეაბილიტაცია; ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების გაუმჯობესება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა რაიონული დაფინანსების ნაწილზეც და აღნიშნა, რომ დაფინანსება იზრდება ყველა რაიონში. კერძოდ, ამ მიმართულებით გამოყოფილია 298 933 900 ლარი, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 24 095 100 ლარით მეტია.