უნგრეთმა აშშ-სთან ამერიკული გათხევადებული გაზის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია
უნგრეთმა და აშშ-მა ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის შეძენაზე კონტრაქტს ხელი მოაწერეს. უნგრეთმა წელიწადში 400 მლნ კუბური მეტრი გაზი უნდა მიიღოს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, ხელშეკრულება „აშშ-უნგრეთის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი მოვლენაა“.
„ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნგრეთი 2 მლრდ კუბურ მეტრს ამერიკულ გათხევადებულ გაზს მიიღებს. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ენერგორესურსები რაც შეიძლება მეტი მომწოდებლისგან, რაც შეიძლება მეტი მარშრუტით მივიღოთ და ფასი ჩვენთვის ხელსაყრელი იყოს“, - განაცხადა სიარტომ.
ამჟამად უნგრეთი წელიწადში 8 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს რუსეთიდან ღებს. გაზი უნგრეთში გაზსადენით, „თურქეთის ნაკადით“ ჩადის.
დაახლოებით ერთი თვის წინ უნგრეთმა განაცხადა, რომ აშშ-მა ის რუსული გაზის და ნავთობის შეძენაზე სანქციებისგან უვადოდ გაათავისუფლა.
დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. გეგმა REPowerEU, 2027 წლამდე არის გათვლილი.