Loading data...
რეინჯერთა საპარაშუტო მომზადების კურსი დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში, სპეციალური მომზადების პროგრამა დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ოთხკვირიანი პროგრამა სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ გაიარა.

სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მომზადება, რომელიც მოიცავდა საპარაშუტო ხტომებს სხვადასხვა სიმაღლიდან.

მსმენელებმა მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესები შეისწავლეს. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტები ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით და ტვირთით, ბოლოს კი - პარაშუტით, ტვირთითა და იარაღით.

კურსის დასრულების საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში გაიმართა.

რეინჯერებს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა სიტყვით მიმართა, პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დასასრულს კურსის მსმენელები სერტიფიკატებითა და სამხრე ნიშნებით დაჯილდოვდნენ.