„ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, უკანონოდ გადასცა „მეთადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება“ - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი – 1986 წელს დაბადებული გ.ა. და 1961 წელს დაბადებულ გ.რ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე გ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, გ.რ.-ს უკანონოდ გადასცა „მეთადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც იგი, ასევე, უკანონოდ ინახავდა.
გ.რ.-ს და გ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია „მეთადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე სეკუნდა მუხლის მე-7 ნაწილით და მე-8 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.