Loading data...
თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბინათმშენებლობის ამხანაგობარუსთავი 2007“-ის კუთვნილი უძრავი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაამზადა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ყალბი მონაცემების შემცველი ამხანაგობის კრების ოქმები, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანოს მოტყუებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა ამხანაგობის კუთვნილ 1 321 400 ლარად ღირებულ, 641.20 კვ.მ. საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილისბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილისბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოძიება გრძელდება, დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.