სუსი „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეზე: ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება „ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა, ბოლო საათებში, მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს“,- აცხადებენ სუს-ში.
ცნობისთვის, სუს-მა უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს საქართველოში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება შემოჰქონდათ.
როგორც სუს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასცეს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია შესაძლოა, საქართველოში „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.