Loading data...
სულხან თამაზაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე შალვა თადუმაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა. მინისტრმა თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, მინისტრი, ასევე, იმყოფებოდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ და მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.

თანამშრომლებთან შეხვედრებზე სულხან თამაზაშვილმა ყურადღება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უწყება კვლავაც აქტიურად განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.