სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების საბაზისო კურსი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების საბაზისო, სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სწავლების განმავლობაში დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს მთიან რელიეფზე გადაადგილების მარშრუტის შერჩევისა და დაგეგმვის ტექნიკა, დაბრკოლებებისა და მდინარეების გადალახვის, ასევე ევაკუაციის მეთოდები.
სასწავლო კურსის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფიზიკური მომზადებისა და სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა.
კურსის დასრულების შემდეგ გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ვასილ რევიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი დათუნა ბანძელაძე დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატები, ასევე, სამკერდე ნიშნები გადასცეს.