Loading data...
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა უწყების სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა.

მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ერთგვაროვნად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შესთავაზეს გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს განჩინებით კი დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.