სპეციალური პენიტენციური სამსახური: სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.
„ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ნახა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად გადაღებული უწყვეტი ვიდეომასალა, რის შემდეგაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მსჯავრდებულს პენიტენციური დაწესებულება არ დაუტოვებია.
აღნიშნული ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო მორიგი სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია განცხადებაში.