Loading data...
შსს-მ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 3 პირი დააკავა

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

„ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან

და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.