შს მინისტრმა გურიასა და სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ გურიასა და სამეგრელოში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან ერთად, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
გეკა გელაძე გურიასა და სამეგრელოს რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, მინისტრმა დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ასევე, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.
სამუშაო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე და გიორგი ბუთხუზი.
მინისტრმა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.
გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.