სამედიცინო ექსპერტი აცხადებს, რომ კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის მორიგი პროცესი დასრულდა.
პროცესზე სამედიცინო ექსპერტი ქეთევან გედენაშვილი გამოჰკითხეს.
როგორც გედენაშვილმა აღნიშნა, აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.
„კონკრეტული ჭრილობები სასიკვდილო იყო, თუმცა სხვა ჭრილობებმაც განაპირობა სისხლნაკლებობა,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთან, საქმის პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძეს მიყენებული აქვს 28 ჭრილობა. 28-ვე ჭრილობა მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში და მიყენებული ჭრილობებიდან 4 არის გულმკერდის არეში მიყენებული, რომელიც პირდაპირ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
„გარდა გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობებისა, კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა არეში - მათ შორის, ხელებზე, ზურგში, კისერში, ყელთან, ასევე შუბლისა და თავის არეში მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება რომელიც, რა თქმა უნდა, კავშირში იყო დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ბექა ჯაიანმა, განზრახვის სისრულეში მოსაყვანად და მკვლელობის ჩასადენად, გამოიყენა ის დანა, რომელიც მან რამდენიმე საათით ადრე შეიძინა თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში,“ - აცხადებს პროკურორი.
ბრალდებული ჯაიანი სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
ინფორმაციისთვის, კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში 2024 წლის 18 სექტემბერს მოკლეს. მას სხეულზე დანით 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი ბექა ჯაიანია დაკავებული.