ლევან მაჭავარიანი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობაზე: არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან?

არავინ არავის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ჩვენს საქმეებში რატომ ერევიან? - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
მაჭავარიანმა გაიხსენა, რომ გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შესახებ ილონ მასკის ერთმა პოსტმა ბერლინში აღშფოთება გამოიწვია მაშინ, როდესაც საქართველოში ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს.
„მაშინ, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას თავიდან ბოლომდე წინასაარჩევნო კამპანია ევრობიუროკრატებმა ჩაუტარეს, ბატონმა ილონ მასკმა ერთი „ტვიტი“ მიუძღვნა, გერმანიაში როდესაც მიმდინარეობდა არჩევნები და აღშფოთდა მთელი გერმანია, ეს როგორ შეიძლება, ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა არისო. ისინი დელეგაციებს აგზავნიან საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე, მოწოდებებია „მაიდანიზაციაზე“ და ასე შემდეგ. ეს აღიზიანებთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის უსამართლო მიდგომა, რა თქმა უნდა, და დროა, გადახედონ თავიანთ მიდგომას და რიტორიკას საქართველოსთან მიმართებით”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.