სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 20 კილოგრამამდე წონის „მარიხუანა“ ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული
ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული,19 კილო და 400 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში.